გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილიც მიიყვანეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასთან ერთად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბარლდებული ვანო მერაბიშვილიც იმყოფება. ვანო მერაბიშვილი ბრალდებულია 7 ნოემბრის საქმეზეც, ხოლო გიგი უგულავას ხელახალი 9-თვიანი პატიმრობა სწორედ ამ საქმეზე აქვს შეფარდებული.
სასამართლომ უნდა განიხილოს საკითხი, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საქმის – „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიხედვით გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე დანიშნული სხდომა საქალაქო სასამართლოში უკვე დაიწყო.
საქმის პროკურორები ლაშა ცქვიტარია, ჯარჯი წიკლაური და მერაბ ჯერანაშვილი არიან.
ადვოკატ ბექა ბასილაიას მიერ დაყენებული შუამდგომლობა სასამართლო კოლეგიამ უნდა განიხილოს. საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საქმე ეხება პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, სადაც უგულავა პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს.
დაცვის მხარე, უგულავას პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.