„ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ევროპული სტანდარტების კანონს მივიღებთ“

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს დეტალურად გაეცნო. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩაერთვება დიალოგში და პარლამენტი ევროპული სტანდარტების კანონს მიიღებს.
“მე დეტალურად გავეცანი იმ პოზიციას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით გააჩნიათ და საიდან გამომდინარეც მათ დაიწყეს ფართო მოძრაობა ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით: პირველი – ნებისმიერი ასეთი საკითხი გამომდინარეობს ორი მომენტიდან, პირველი არის სახელმწიფოს ვალდებულება მართლწესრიგის დაცვის, მეორე არის ადამიანის თავისუფლების და ინდივიდის უფლებათა გარატია. ბალანსი ამ ორ საკითხს შორის ის სახელმწიფოებრივი ბალანსია, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს და გამოიხატოს კანონში. ეს იყო ღირებულებითი ნაწილი. ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მხარე სწორედ ამ ბალანსის პოვნაში – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესაა ბალანსი სახელმწიფოს ვალდებულებისა, რომ იყოს დაცული წესრიგი და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების და ინდივიდების თავისუფლებებს შორის. ჩვენ შევთანხმდით იმაზეც, რომ ეს უნდა შედგეს აქტიური დიალოგის შედეგად და მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჩაერთოს ამ დიალოგში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, აუცილებელია ამ პროცესში შენარჩუნდეს 2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული ის სულისკვეთება, რასაც საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ნდობის აღდგენა ჰქვია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი კამპანიაში – “ეს შენ გეხება” ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები