„ჯოკია ბოდოკიას საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება“

პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, ჯოკია ბოდოკიას საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება. პროკურორმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ბოდოკიას და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებია დაწყებული, კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ბოდოკიასთან პროკურატურის მხრიდან არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და მას არ გაუფორმდება შეთანხმება. შესაბამისად, მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. საქმე დასრულდება და სასამართლო გამოიტანს განაჩენს, რითაც გადაწყდება მისი დამნაშავეობის საკითხი ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა პროკურორმა.
ჯოკია ბოდოკიას დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. კერძოდ, საუბარია შპს “დარიოუშის” წარმომადგენელ ნათია მახარაშვილისგან დახმარების სანაცვლოდ თანხის აღებაზე. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბოდოკიამ “დარიოუშის” წარმომადგენელს მშენებლობაში დახმარების, ასევე თამუკაშვილის 32-ში მდებარე შენობის დემონტაჟის ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ 180 ათასი დოლარი მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე 50 ათასი დოლარი აიღო. აღნიშნულის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი საქმეში დევს და იგი სასამართლომ დღევანდელ პროცესზე გამოიკვლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები