„რუმინეთი თავს ვალდებულად გრძნობს, დაეხმაროს საქართველოს“
„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩვენს ქვეყანას უანგარო და ერთგულ მეგობრად ევლინება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიქტორ პონტას საქართველოში ვიზიტისთვის და აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, ისე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სწორედ დასავლეთთან ინტეგრაცია არის ის ერთადერთი გზა, რომელიც დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას. ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ–მინისტრებმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, გაჩნდა პერსპექტივები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.
„ხაზი გავუსვით საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო ნავსადგურებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს პოტენციურ ინვესტორებს აღნიშნული პროექტის განვითარების მიზნით. ამა წლის ივლისში გაიმართება საქართველო–რუმინეთის ბიზნესფორუმი. ასევე, შევთანხმდით საქართველოსა და რუმინეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლებაზე. მისასალმებელია, რომ დღეს ხელი მოეწერება „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, რუმინეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ პონტამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსადმი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მანვე ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებით ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
„რუმინეთი თავს გრძნობს ვალდებულად დაეხმაროს საქართველოს და იყოს მისი მოკავშირე ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი,” –განაცხადა ვიქტორ პონტამ.