შეუჩერდება თუ არა ახალაიას უფლებამოსილება 17 მარტს გახდება ცნობილი

  რა რეაგირებას მოახდენს პარლამენტი როლანდ ახალაიასთვის ბრალის წარდგენის ნებართვის შესახებ მთავარი პროკურორის მიმართვაზე, 17 მარტს გახდება ცნობილი , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
“დღეს, 2014 წლის 14 მარტს, საქართველოს პარლამენტში ჩემს სახელზე შემოვიდა საქართველოს მთავარი პროკურორის მომართვა, რომლითაც მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მოთხოვნილია პარლამენტის თანხმობა პარლამენტის წევრის – როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე. მთავარი პროკურორის წერილში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუცია, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ და პარლამენტის რეგლამენტი მსგავს შემთხვევაში (განსხვავებით პარლამენტის წევრის დაკავებისა და ჩხრეკისაგან) პარლამენტის თანხმობას არ ითვალისწინებს, რაც 2004 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შედეგია.
პარლამენტის წევრთა და იურისტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო საკითხის კომპლექსური შესწავლა, მათ შორის იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა 2010 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იმ ინსტიტუტის აღდგენა, რომელიც 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით გაუქმდა. საკითხის წინასწარი შესწავლის შედეგებისა და საქართველოს მთავარი პროკურორის მომართვაზე საქართველოს პარლამენტის შესაძლო რეაგირების თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ ორშაბათს, 17 მარტს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები