პრემიერი და მთავრობის წევრები რუმინეთის დელეგაციას შეხვდნენ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები რუმინეთის ოფიციალურ დელეგაციას გაფართოებული ფორმატით შეხვდნენ.
საქართველოს პრემირ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ძირითადი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივები იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასაც მოიცავს, საქართველო აგვისტოში მოაწერს ხელს. ამით კი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე და ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის, რუმინელ ინვესტორებს შეუქმნას ყველა პირობა წარმატებული ბიზნესისთვის. ქართველ და რუმინელ ბიზნესმენებს შორის საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში საქართველო-რუმინეთის ბიზნესფორუმის ორგანიზებაც იგეგმება.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. შეხვედრას რუმინეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, პარლამენტის წევრები და რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ.
საქართველოს მხრიდან კი მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები