ექსპრეს სერვისცენტრზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის” ექსპრეს სერვისცენტრის ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ფ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით მიუსაჯა.
გიორგი ფ.-ს ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 30 იანვარს, საღამოს საათებში, გიორგი ფ. დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, იარაღმომარჯვებული, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სერვისცენტრსა და მოლარე ოპერატორს გასტაცა საქართველოს ბანკის კუთვნილი 2060 აშშ დოლარი, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, ბრალდებული თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობდა. აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 10 სასამართლო სხდომა და დაიკითხა სულ 3 მოწმე, მათ შორის ბრალდებული. სასამართლომ საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით, ბრალდებული გიორგი ფ. დამნაშავედ ცნო მის მიმართ ბრალად წარდგენილ დანაშაულში. სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები