ლევან გვაზავას თავის არეში ტყვიის გულა არ აღმოაჩნდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

შს ყოფილი მაღალჩინოსნის ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და მას სახის ძვლების მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება – ამის შესახებ „კვირას“ ინგოროყვას სახელობის „საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმ-რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სახის ძვლების მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მუმლაძის ინფორმაციით, ლევან გვაზავას სახის ძვლების ოპერაცია წუხელ ღამის საათებში ჩაუტარდა და ამჟამად, ოპერაციის შემდეგ თავდაცვითი სამკურნალო ნარკოზის ქვეშ იმყოფება.
მისივე განმარტებით, ქირურგიული ოპერაციის დროს გვაზავას თავის არეშე ტყვიის გულა არ აღმოჩნდა და ჭრილობები გამავალი იყო.
როგორც მუმლაზე აცხადებს, ამ დრომდე ლევან გვაზავა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავას დაჭრისა და მისი დეიდაშვილის რეზო კალომლეწავის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

“ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შეტყობინების თანახმად, თბილისი-ტაბახმელის ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლნასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილ იქნა ლევან გვაზავა. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები-მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – აცხადებენ პროკურატურაში. არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფ ლევან გვაზავას იარაღიდან ტყვია გაუვარდა, რამაც მისი დეიდაშვილი რეზო კალომლეწავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ, შს ყოფილმა ჩინოსანმა თავის მოკვლა სცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები