პროკურატურა შს მინისტრის ყოფილი მოადგილის დაჭრასთნ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
წუხელ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავას დაჭრისა და მისი დეიდაშვილის რეზო კალომლეწავის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„შემოსული შეტყობინების საფუძველზე ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მოგვიანებით საქმე შემდგომი გამოძიებისათვის გადაიგზავნა ქ. თბილისის პროკურატრის საგამოძიებო ნაწილში.
შეტყობინების თანახმად, თბილისი-ტაბახმელის ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლნასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილ იქნა ლევან გვაზავა.
საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები-მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფ ლევან გვაზავას იარაღიდან ტყვია გაუვარდა, რამაც მისი დეიდაშვილი რეზო კალომლეწავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ, შს ყოფილმა ჩინოსანმა თავის მოკვლა სცადა.