სოსო რობაქიძე: ეს კაცი ფანატიკოსი არ არის
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილის სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა, სადაც ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ.
სასამართლოს ჩვენება იური ვაზაგაშვილის მეგობრებმა, სოსო რობაქიძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა, მისცეს.
სოსო რობაქიძე ფიქრობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან. “იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან და ამაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ის, რომ ააგო მთელი გამოძიება იმაზე, რომ ვაზაგაშვილი ვიღაც ფანატმა მოკლა, სისულელეა. ეს კაცი ფანატიკოსი არ არის”, – განაცხადა დაკითხვის დროს სოსო რობაქიძემ.
დაკითხვის შემდეგ განცხადება გააკეთა პროკურორმა, ლაშა ცხვიტარიამაც. “დაახლოებით ექვსი მოწმე დაიკითხა, მათ შორის იყო სოსო რობაქიძე, ასევე ლაშა ჩხარტიშვილი,რომლებმაც ისაუბრეს იური ვაზაგაშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მოწმეებმა თქვეს, რომ მისი მკვლელობა საზოგადოებრივ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. მოწმეთა დაკითხვის შემდეგ ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის ბრალეული ქმედება იკვეთება ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე,” – განაცხადა ლაშა ცხვიტარიამ.
ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე, კი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდება ცრუობს.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული გია სოსანაშვილი. შემდეგი სასამართლო სხდომა 16 სექტემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.