პროკურატურა დათა ახალაიას საქმის განაჩენს გაასაჩივრებს

 

 

     333-ე მუხლის მესამე ნაწილის და 143-ე მუხლის მეორე ნაწილით წაყენებულ ბრალში დათა ახალაია საქალაქო სასამართლომ გაამართლა. წაყენებული ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა არ იზიარებს და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურატურის განცხადებას  „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, 14 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნები – ოლეგ მელნიკოვი, იოსებ თოფურიძე და გერონტი ალანია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რაც ამინისტიის საფუძველზე შეუმცირდათ სასჯელის ¼-ით და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და ცხრა თვის ვადით განესაზღვრათ. მათ, ასევე ორი წლით შეეზღუდათ თანამდებობის დაკავების უფლება.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულს, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია,  არაერთგზის ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ოლეგ მელნიკოვმა, იოსებ თოფურიძემ და ამ ეტაპზე დაუდგენელმა სხვა პირებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან „ძველ სახლში“ თაკო სალაყაიასთან მომხდარი უსიამოვნების გამო, სასტიკად სცემეს მთაწმინდა კრწანისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი მალხაზ აზარაშვილი და შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების  უფროსი ზაზა მეხი.
გამოძიება მიმდინარეობდა 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით. დავით ახალაიას ასევე წარდგენილი ჰქონდა ბრალდება  143-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას. სასამართლომ დ. ახალაია ამ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, რა ნაწილშიც პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამჟამად უკვე მსჯავრდებულები: დავით ახალაია, იოსებ თოფურიძე და გერონტი ალანია იმყოფებიან მიმალვაში და მათზე გამოცხადებულია ძებნა, ხოლო ოლეგ მელნიკოვი სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში მოიხდის“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები