საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული პროდუქცია ამოიღო (ვიდეო)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისსა და რუსთავში, კუსტარულ საწარმოებში დამზადებული, დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია ამოიღო და სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტები გამოავლინა.
გამოძიებით დადგენილია, რომ კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების მწარმოებელი ბრენდების, FAIRY-ის, SAFEGUARD-ის, KROT-ის, Rakhsha-ს და სხვა არაერთი ცნობილი კომპანიის პროდუქციის ფალსიფიკაციას. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ბრენდების სახელდებაში ბრალდებულებს შეჰქონდათ უმნიშვნელო ცვლილებები და იდენტური შეფუთვითა და დიზაინით, საცალო ბაზარზე ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ სარეცხის ჟელეს, ავეჯის საწმენდებს, საპნებს და სხვა ფალსიფიცირებულ პროდუქციას. აღნიშნული დანაშაულით ბრალდებულები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ სასაქონლო ნიშნის მფლობელს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.