„2008 წლის აგვისტოში სარდლობამ ქალები და ბავშვები მიატოვა“
„ხელისუფლების თითქმის ყველა წევრი გაიქცა „წითელ ხიდზე“ ტყავის და ქონების გადასარჩენად“
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ხელისუფლებაში მყოფი პირების გაქცევის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ სამაჩაბლოში და გორში მოსახლეობა და თბილისი მიატოვა. მისივე თქმით, აგვისტოს ომის შემსწავლელ კომისიას ქვეყნიდან გასული პირების სიაც აქვს.
„საკმაოდ გვიან, მაგრამ მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ გაახსენდა ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ჩაიდინა. როდესაც რუსული სამხედრო ნაწილები თბილისისკენ დაიძრნენ, სარდლობამ მიატოვა მოსახლეობა, დატოვა თბილისი და ხელისუფლების თითქმის ყველა წევრი გაიქცა „წითელ ხიდზე“ ტყავის და ქონების გადასარჩენად. „წითელ ხიდზე“ იმდენი „ჯიპი“ იდგა, რომ საცობი იყო შექმნილი, ეს მანქანები პარლამენტისა და მთავრობის წევრებს ეკუთვნოდათ. ზოგმა ქვეყნის ტერიტორია თვითმფრინავითაც დატოვა“, – განაცხადა ბაღათურიამ.
“ქართული დასის” ლიდერის განცხადებით, ტელეკომპანია „კავკასიას“ კომისიის ფარული ჩანაწერი აქვს, რომელიც პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
„შეიქმნა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისია, რომლის მიზანი იყო სააკაშვილის დანაშულების ჩაფარცხვა და „გაპრავება“. კომისიაში სულ იყო „ნაციონალების“ ხალხი, მეც მინდოდა ამ კომისიაში ყოფნა, მაგრამ უფლება არ მომცეს. ტელეკომოპანია „კავკასიას“ აქვს ამ კომისიის ფარული ჩანაწერი, რომელიც პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. კომისიის თავმჯდომარე აშკარად ამბობს: „ომი ამათ დაიწყეს, კაცო, აბა, ვინ დაიწყო?“ და შემდეგ გაიქცნენ.
იმედი მაქვს, რომ კადრები წაშლილი არ იქნება. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ მიატოვა სამაჩაბლოში და გორში მოსახლეობა, მიატოვა თბილისი. ისინი ვალდებულნი იყვნენ კანონის წინაშე, რომ ევაკუაცია მოეხდინათ და თავად არ გაქცეულიყვნენ. როცა რუსული ტანკები დაიძრნენ თბილისისკენ, მე გავედი დიღმის შემოსასვლელისკენ და ვნახე, რომ არც ერთი მთავრობის წევრი იქ არ იყო. ამიტომ, სიტყვების რახა-რუხი რომ იციან და მერე კურდღლებივით რომ გარბიან, სოროებში და ბუჩქებში რომ იმალებიან, ამან განაპირობა ბევრი რამ. ეს სია არსებობს და აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, გამოაქვეყნოს. მაშინ მე პარლამენტში კომისიის თავმჯდომარეს არაერთხელ მივმართე, რომ სია გამოექვეყნებინათ. თუ სია არ არსებობდა, თავისუფლად შეეძლო მაჭავარიანს, ან სხვა ვინმეს ეთქვა, რომ ასეთი სიები არ არსებობს და ეს ტყუილი მხილებული იქნებოდა. ამის შესახებ პროკურატურამ უნდა აღძრას სისხლის სასმართლის საქმე – თუ რატომ მიატოვა სარდლობამ ქალები, ბავშვები და ა.შ. და რატომ არ დაიწყო ევაკუაცია“, – აცხადებს ჯონდი ბაღათურია.