„არ მგონია, რომ უკრაინის კრიზისი საქართველოს ნატოში მისწრაფებას უნდა მივაბათ“
ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა, – ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკას“ განუცხადა. ჯეიმს აპატურაიმ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა გავლენიან რუსულ გამოცემა „კომერსანტში“ დაბეჭდილ სტატიაზეც, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთების შემთხვევაში, საქართველო ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას მიიღებს.
„პირველ რიგში არ ვაპირებ ვივარაუდო რა აქვს რუსეთს ჩაფიქრებული და ამ საკითხზე სპეკულაციის შესაძლებლობას გამოვრიცხავ. ასეთი რამ შეუძლებელია და ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ქვეყნების დამოუკიდებლობით და მომავლით ვაჭრობას დავიწყებთ. ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს მსგავსად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. გარწმუნებთ ნატო არ დაიწყებს ამ პრინციპებით ვაჭრობას. რაც შეეხება მომავალ სამიტს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამაჩნია. ჩვენ უამრავი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი ჩვენ ქართველ მეგობრებთან. ხვალ თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გავმართავთ მოლაპარაკებებს, ივლისში კი თანამშრომლობის შედეგებს შევაჯამებთ. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, აპრილის პირველ რიცხვებში, გვექნება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა არ მგონია, რომ უკრაინის კრიზისი საქართველოს ნატოში მისწრაფებას უნდა მივაბათ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.