ხვალ თბილისს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, 14 მარტს თბილისს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ პონტა ეწვევა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რუმინეთის მთავრობის მეთაურის პირისპირ შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით გაიმართება. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ პონტა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის მეთაური რუმინელ კოლეგას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 15 მარტს კი, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩს დაესწრებიან. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ პონტა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. რუმინეთის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დააღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე თბილისსა და მცხეთაში ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებს. რუმინეთის მთავრობის მეთაური საქართველოს 15 მარტს დატოვებს.