ხეების მონიშვნის სამუშაოებში „პარტიზანი მებაღეები“ ჩაერთვნენ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეები“ თბილისის მერიის მოწოდებას შეუერთდა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ტერიტორია მავნებლების გავრცელებისა და წიწვოვანი ხე-მცენარეების ხმობის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კერას წარმოადგენს. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ დაინტერესებულ არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდა, თავად ჩაერთონ როგორც დაავადებული ხეების მონიტორინგის, ასევე მათი მონიშვნის პროცესში.
„პარტიზანმა მებაღეებმა“ თბილისის მერიის თანამშრომლებთან ერთად დღეს 1200 დაავადებული ხე მონიშნეს. მათი თქმით, პრობლემა იმდენად მწვავე და საგანგაშოა, რომ მის გადასაჭრელად უსწრაფესი ზომების მიღება და, რაც მათავარია, საზოგადოების აქტიური ჩართულობაა საჭირო.
„მერიის თანამშრომლებთან ერთად მთაწმინდის პარკის მიმდებარედ მოხალისეობრივად დავიწყეთ იმ ხეების მონიშვნა, რომელიც დაავადებულია და მოსაჭრელია. მდგომარეობა დაგხვდა იმაზე ბევრად მძიმე, ვიდრე ველოდით. გარშემო ათასობით ხეა გამხმარი, რომელიც დაუყოვნებლივ მოჭრასა და სწრაფად მზარდი ხე-მცენარეებით ჩანაცვლებას საჭიროებს. თუმცა არც მერიის და არც მხოლოდ ჩვენი რესურსი არ იქნება საკმარისი პრობლემის გადასაწყვეტად, პროცესში უნდა ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი მოხალისე, სტუდენტი, პრობლემით შეწუხებული მოქალაქეები. ჩვენ, პარტიზანი მებაღეები გავაჩაღებთ აქტიურ კამპანიას საზოგადოების მობილიზებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ განადგურების პირას მყოფი მწვანე საფარი “ – განაცხადა „პარტიზანი მებაღეების“ წევრმა ნატა ფერაძემ.
ფოტოსანიტარიული კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ მონიშვნასა და მოჭრას 10 000 წიწვოვანი ნარგავი საჭიროებს. დაავადებული და ზეხმელი ხეების ჩანაცვლების პროცესი ამ ტერიტორიაზე ოქტომბრიდან დაიწყება და გამოთავისუფლებული ადგილი ბოტანიკის ინსტიტუტის მიერ რეკომენდებული და ადგილობრივი გარემოს მიმართ რეზისტენტული ისეთი სახეობების ხე-მცენარეებით განაშენიანდება, როგორიცაა აკაცია, აკაკის, იუდას და საპნის ხეები.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი მიესალმება „პარტიზანი მებაღეების“ სურვილსა და მზადყოფნას მწვავე პრობლემის გადაწყვეტის პროცესში უშუალო ჩართვასთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ მათ სხვა საზოგადოებრივი თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან. „ეს არ არის ერთი კონკრეტული უწყებისა თუ სამსახურის საქმე, ეს ყველა თბილისელის, მთელი საზოგადოების პრობლემაა, ამიტომ საჭიროა ყველა ამ რესურსის კონსოლიდაცია. თუ დროულად და ასე ერთობლივად არ ვიმოქმედებთ, ცოტა ხანში ქალაქის შემოგარენში მწვანე საფარი საერთოდ არ გვექნება“ – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
დედაქალაქის შემოგარენის მწვანე საფარის ხმობის წინააღმდეგ ღონისძიებები ხორციელდება კომპლექსურად და გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაში მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, ქალაქის მასტაბით, მცენარეული საფრის ხმობას შეაჩერებს. ამ დროისათვის, თბილისის შემოგარენის ფერდობებზე მონიშნულია 5508 სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი ხე, რომელთა მოჭრისა და გამოტანის სამუშაოები ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები