“გაერო აფხაზეთში სხვადასხვა სახის პროექტებს პირველად არ ახორციელებს“

  გაერო აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს და ეს პირველად არ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის არის ინფორმირებული ასეთი პროექტების შესახებ, რადგან ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება. მისვე თქმით, ხვალ საგარეო უწყებაში გაეროს წარმომადგენელს შეხვდებიან და მასთან ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრებენ და მისგან გაიგებენ დეტალებს. “ახლაც ზუსტად ასეთივე სიტუაციაა და, სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა შემთხვევები, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მსგავსი კონტაქტები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გავლით დამოუკიდებელ კონტაქტებად წარმოაჩინონ. შესაბამისად, ამ მხრივ, ეს არის ინფორმაცია. რაც შეეხება პროექტებს, ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაეროს განვითარების პროგრამების მუდმივი კოორდინატორი ნილსა სკოტი მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას „აპსნიპრესი“ ავრცელებს.
როგორც აფხაზური მედია იუწყება, ის „პრეზიდენტს“ აფხაზეთში 15 მილიონი დოლარის პროექტების დაფინანსებას დაჰპირდა. სკოტის განცხადებით, დაფინანსების თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ აფხაზეთის ხელმძღვანელობა გაეროს დონორ ქვეყნებს პირდაპირ მიმართავს და თუ დაფინანსების თანხის გაზრდის აუცილებლობაში დაარწმუნებს. ანქვაბმა გაეროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც გაეროს მიერ გამოყოფილი თანხებით დააფინანსებს. მისი თქმით, პროექტები სოციალური ხასიათის იქნება.
გაეროს წარმომადგენელი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა იმ ობიექტების მოსანახულებლად მიიწვია, რომელიც რუსეთის დახმარებით აიგო.
“ეს არის რეალური და კონკრეტული დახმარება, ასევე გულწრფელად მინდა, რომ გაეროს დახმარებამაც რეალური კვალი დატოვოს აფხაზეთში “, – განაცხადა ანქვაბმა გაეროს წარმომადგენელთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები