გიგლა აგულაშვილმა შირაქის ველზე ქარსაცავი ზოლის გადაწვასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შირაქის ველზე, ქარსაცავი ზოლის გადაწვასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც გიგლა აგულაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შირაქის ველზე გაჩენილი ხანძრების გამო, განადგურდა არსებული ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი.
მისი თქმით, დაიწვა როგორც ძველი ქარსაფარები, ასევე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ნარგავები.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა “ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში” გერმანიის მთავრობისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს ქარსაფარი ზოლების აღდგენის საცდელ-სამოდელო პროექტს. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე აღდგენილი იქნა 66 კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლი. პროექტის თანამშრომლების პირველადი ვიზუალური შეფასებით, აღდგენილი ქარსაფარების 90 % -მდე განადგურდა.
აღსანიშნავია, რომ განადგურებული ქარსაფარების ფართობი ბევრად აღემატება GIZ-ის პროექტის ფარგლებში აღდგენილ ფართობს: დამწვარია მრავალწლოვანი ხეები, ბუჩქები, განადგურდა საბინადრო გარემო ცხოველებისათვის. ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, ეს ყველაფერი აუცილებლად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს მომავალი წლების მოსავალზე.
უნდა აღინიშნოს, რომ GIZ-ის პროექტის, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან პერმანენტულად ხორციელდებოდა პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის მდგრადი სოფლის მეურნეობის და ადგილობრივ ფერმერთა და მწყემსების ცნობიერების ამაღლების კუთხით.
აქვე უნდა აღინიშნოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, შსს-ს დედოფლისწყაროში არსებული სამაშველო სამსახურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დედოფლისწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენრტრისა და შპს “მექანიზატორის” ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა ხანძრის შეჩერების და ლიკვიდაციის საკითხში.
მინისტრის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემებით და ანგარიშებით ირკვევა, რომ ხანძრები დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ტყეებისათვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში ხანძრით თითქმის 4000 ჰა ტყის ფართობი დაზიანდა და გამოვლინდა ხანძართან დაკავშირებული მასშტაბური კატასტროფის მაღალი რისკი.
ტყეში ხანძრის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა, შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ინფორმირება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების, ტყეში სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძრის ჩაქრობის საკითხებზე. ასევე, ტყის ხანძარსაშიშ უბნებში და გზებზე ცეცხლთან ფრთხილი მოპყრობის და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე.
ტყის ხანძრებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას, როგორც ტყის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე გამოიწვიოს ხანძრების შემდგომი მეორადი ბუნებრივი კატასტროფები, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.
ზაფხულის პერიოდში, მაღალი ტემპერატურული პირობების, ლაშქრობისა და საპიკნიკე სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით იმატებს ტყეში ხანძრის წარმოშობის რისკები.
ხანძრის წარმოშობის მხრივ, განსაკუთრებული რისკის მატარებელია წიწვოვანი კორომები. 2012 წელს ტყის ხანძრის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 199 ჰა ტყის მასივი განადგურდა, 2013 წელს 35 ხანძრის შემთხვევამ — 88 ჰა ფართობი მოიცვა. 2014 წელს ტყის ხანძრის 69 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 705,14 ჰა ტყის მასივი დაზიანდა. 1 ჰა დამწვარი ტყის აღდგენასა და მოვლას, ათწლეულები და დაახლოებით 30 000 ლარზე მეტი სჭირდება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ტყის ხანძრებისაგან დაცვის საერთო მოთხოვნები. კერძოდ: ● ნუ გადააგდებთ ანთებული სიგარეტის ნამწვს, ● ნუ დატოვებთ ტყეში ადვილად აალებად ნივთიერებებს, ● ნუ დატოვებთ კოცონს უყურადღებოდ. ● გაფრთხილებთ, რომ ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას კანონის შესაბამისად.
ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს სხვადასხვა დღესასწაულის დროს პიროტექნიკის გამოყენებისას, მაქსიმალურად უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომები დაცული ან საერთოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული ტყის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე.
არც მეტყევე, არც მეხანძრე, არც ტექნიკა (მათ შორის ვერტმფრენიც), არც პრევენციული ღონისძიება არ არის გარანტია, რომ თითოეული ჩვენგანის თუნდაც გაუცნობიერებელი მოქმედების შედეგად არ გაჩნდება ხანძარი, გავფრთხილდეთ და გავუფრთხილდეთ არა მარტო ბუნებას, იმ ხალხსაც, ვინც ჯერ ებრძვის ამ სტიქიას და შემდეგ ცდილობს მისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას.
სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან ხანძარსაწინააღმდეგო წესები, რადგან ყოველგვარი პრევენციული ღონისძიებები უშედეგოა, თუ თითოეული ჩვენგანი გაუფრთხილებლად მოექცევა გარემოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები