„ციხეებში განუკითხაობასა და უკონტროლობას არ დავუშვებთ“
ჩვენ აღვკვეთეთ წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბოლომდე რიგზე არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ციხეებში ვითარება უნდა დალაგდეს. „ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: სასჯელაღსრულების დაწესებულება თავისუფლების შეზღუდვისთვის არის და არა იმისთვის, რომ პატიმრებს სული ამოხადო, როგორც ეს ხდებოდა სულ ცოტა ხნის წინ. მე შეგნებულად არ მინდა დღეს გავიხსენო ის, რაც ამ სისტემაში ხდებოდა და რამაც საბოლოოდ მთელი საზოგადოება შეძრა და დათრგუნა. ჩვენი ხელისუფლება ამას აღარ დაუშვებს, მაგრამ არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ ციხეებში განუკითხაობასა და უკონტროლობას დავუშვებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში ფართომასშტაბიანი რეფორმები გატარდა ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში. მისივე თქმით, ასევე უპრეცედენტო პროგრამა განხორციელდა სოფლის მეურნეობაში.
„ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. თუმცა, ჩვენი გაკეთებული საქმით არ ვტრაბახობთ, არ ვთვლით საჭიროდ ყოველ წუთს შევახსენოთ და გამუდმებით ამაზე ველაპარაკოთ ხალხს, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი მოვალეობაა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.