პრემიერ-მინისტრის ინიციატივა – „ახალი თაობის იდეა პრემიერს“

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს და ახალგაზრდებს კომუნიკაციის ახალ, ეფექტურ ფორმას სთავაზობს.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ამ მიზნით, პრემიერის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, სპეციალური აპლიკაცია – „ახალი თაობის იდეა პრემიერს“ შეიქმნა. საქართველოს მთავრობის მეთაური მზად არის, ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი თაობის მოსაზრებებსა და იდეებს გაეცნოს და მათ აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ამიტომ გთავაზობთ კომუნიკაციის ყველაზე მოხერხებულ საშუალებას – „ფეისბუკზე“ ჩემი ოფიციალური გვერდისთვის შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია – „ახალი თაობის იდეა პრემიერს“. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაინც მოვახერხებ გავეცნო თქვენს მოსაზრებებს, თქვენს იდეებს და მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ. მერწმუნეთ, ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში თქვენი მონაწილეობა, თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვიქნები, თუ ჩაერთვებით ამ პროექტში, მიიღებთ მონაწილეობას ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე ფორუმებსა და განხილვებში, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის დღეიდან გაიხსნა“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები