„სოლიდარობის ფონდმა“ ერთი წლის მანძილზე სიმსივნით დაავადებული 125 ბავშვი და ახალგაზრდა დააფინანსა
“სოლიდარობის ფონდის” ხელმძღვანელის მარიამ ჯაშის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა “სოლიდარობის ფონდმა” ერთი წლის მანძილზე სიმსივნით დაავადებული 125 ბავშვის და ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო, მათ შორის 58 შემთხვევაში საზღვარგარეთ.
როგორც მარიამ ჯაშმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „სოლიდარობის ფონდმა“ ერთი წლის მანძილზე 3.3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება მოახდინა.
მისი თქმით, ფონდმა ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, აქტიური მუშაობა დაიწყო ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებისთვის, რომ ეტაპობრივად ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება საქართველოშიც გახდეს შესაძლებელი. მათ შორის მაღალტექნოლოგიური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საკითხები.
“ჩვენი საბოლოო მიზანია, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს საქართველოში პედიატრიული ონკოლოგიის სერვისი, რომ მოიხსნას საჭიროება ჩვენი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის. ამას სჭირდება დრო, კონკრეტული ნაბიჯები”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე თქმით, ამ მიზნით საქართველოში მოწვეული იყვნენ ჰარვარდის, იელის საუნივერსიტეტო კლინიკის, მედიპოლის საუნივერსიტეტო კლინიკის და გლობალჰილინგის მისია. როგორც ჯაშმა აღნიშნა, მათ ჩაატარეს დეტალური შეფასება არსებული პედიატრიული ონკოლოგიის სერვისის. “გვაქვს ორწლიანი სამოქმედო გეგმა, თუ ეტაპობრივად როგორ შეიძლება შეიკრას, გაერთიანდეს ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დარგში ყველა ძირითადი ელემენტი. ორი წლისთავზე ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სრული მასშტაბით ამოქმედდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი ბავშვებისთვის საქართველოში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გვაქვს იმედი, რომ ყველა სხვა ძირითადი ელემენტი ინფექციის კონტროლის და სტანდარტული თერაპიების იქნება უკვე საქართველოში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ განსაკუთრებით ძვირად ღირებული და მაღალტექნოლოგიური სერვისებიც დაემატოს არსებულ შესაძლებლობებს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კი აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2013 წლიდან განაცხადეს იმის შესახებ, რომ იწყებდნენ რეფორმებს, რათა ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება გაუმჯობესებულიყო. “პირველ ეტაპზე ეს გამოიხატა იმაში, რომ სრულად დაფინანსდა საზღვარგარეთ მაღალტექნოლგიური და ძვირიანი მკურნალობა. შემდეგ ეტაპზე ეს მთლიანად თავის თავზე “სოლიდარობის ფონდმა” აიღო და არაჩვეულებრივად მართავს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მივდივართ იქით, რომ აქ, ადგილზე, საქართველოში შეიქმნას ისეთი სერვისები ამ მიმართულებით, რომ ბავშვებს აღარ დასჭირდეთ საზღვარგარეთ წასვლა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. “სოლიდარობის ფონდმა” უმასპინძლა საერთაშორისო მისიას ჰარვარდის უნივერსიტეტთან აფილირებული დანა-ფარდერის კიბოს ინსტიტუტის, იელის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის და ორგანიზაცია „გლობალ ჰილინგის“ და თურქეთის მედიაპოლის საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტების მონაწილეობით მისიას. საერთაშორისო მისიამ შეაფასა ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში დღეს არსებული ყველა ძირითადი სერვისი და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ეტაპობრივად ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამების არსებითი გაუმჯობესება.