იეჰოვას მოწმეები საკუთარ ქონებას ყიდიან

იეჰოვას მოწმეების შენობაში შესაძლოა, საბავშვო ბაღი განთავსდეს

იეჰოვას მოწმეები გორის რაიონის სოფელ ორთაშენში იმ შენობას ყიდიან, სადაც კონგრესები იმართებოდა, – ამის შესახებ „კვირას“ტინისხიდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ბესიკ ბერიანიძემ განუცხადა. მისი თქმით, შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მას სოფელში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა სოსო შერმადინმა თავად მიაწოდა.
როგორც ბესიკ ბერიანიძე ამბობს, სოფელში საბავშვო ბაღი არ არის და თუ შენობას შეიძენენ, იქ საბავშვო ბაღი განთავსდება. „ადგილობრივი მოსახლეობის დიდი სურვილია, რომ სოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნას, თუ მოვრიგდებით, მაშინ შენობას შევიძენთ. იეჰოვას მოწმეების კონგრესის შენობა ორსართულიანი და კეთილმოწყობილია“, – აცხადებს ბესიკ ბერიანიძე. ბერიანიძის განმარტებით, შენობას „სოფლის განვითარების პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებში შეიძენენ, თუმცა რწმუნებული არ აკონკრეტებს რა თანხას გადაიხდიან იეჰოვას მოწმეთა კონგრესის შენობაში. „ჩვენ გვინდა, რომ „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში არსებული დაფინანსებით ვისარგებლოთ და სოფელში საბავშვო ბაღი ამოქმედდეს. წელს პროგრამის ფარგლებში ჩვენი სოფლისთვის 14 ათასი ლარია გამოყოფილი. მისაღები ფასის დასახელების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ შევიძინოთ შენობა“, – ამბობს ბესიკ ბერიანიძე.
„კვირა“ გორის რაიონის სოფელ ორთაშენში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელს სოსო შერმადინს დაუკავშირდა. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, კონგრესის შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია თბილისში, ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებით გაახმაურა. „იეჰოვას მოწმეებს თბილისში დიდი დარბაზი გვაქვს, სადაც ვიკრებებით და კონგრესის სხდომებს ვატარებთ. ჩვენ იქ დავდივართ შეკრებებზე. აქ კი შენობა უფუნქციოდ არის. სოფელ ორთაშენში მდებარე კონგრესის შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია თბილისში ცენტრალური ოფისის ადმინისტრაციას შევატყობინე. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ეს საკითხი ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს “, – აცხადებს სოსო შერმადინი.
როგორც „კვირას“ საქართველოში იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანოს იურისტმა მანუჩარ ციმენტიამ განუცხადა, გორის რაიონის სოფელ ორთაშენში არსებული შენობის გასხვისების საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. „შენობა ჩვენი საკუთრებაა. ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. თუ ეს შენობა გასხვისდება, აუცილებლად გაიგებთ. გახმაურდება ეს საკითხი“, – აღნიშნა მანუჩარ ციმინტიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც საუბარი შეეხო იეჰოვას მოწმეების კონგრესის შენობის გაყიდვის ფაქტს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ორთაშენში რელიგიური გაერთიანების, იეჰოვას მოწმეების კრებები აღარ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სოფელი ორთაშენი ერთ-ერთი პირველი სოფელია გორის რაიონში, სადაც წლების წინ იეჰოვას აღმსარებლები გამოჩნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები