ზურაბ აბაშიძე ე.წ. საზღვრის გადმოწევას პროვოკაციად აფასებს
ძალიან სახიფათო პროვოკაციაა, რასაც რეგიონში სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევას გორის რაიონის ორ სოფელთან – ორჭოსანთან და წითელუბანთან.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ საკითხის მწვავედ დაყენებისთვის.
“ეს ძალიან სახიფათო პროვოკაციაა, რადგან ჩვენს რეგიონში, სადაც ასე მყიფეა ყველაფერი, მშვიდობა, სტაბილურობა. ასეთმა პროვოკაციამ, შესაძლოა, ისეთი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რომ ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდეს და მერე ვერავინ ვერაფერი გააკონტროლოს. ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ეს საკითხი მწვავედ დავაყენოთ”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.