გორის რაიონში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიწების დაახლოებით 70% ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
აღნიშნულ ადგილას მოსახლეობას 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე ხორბალი და ქერი აქვს დათესილი თუმცა ისინი მოსავლის აღებას ვეღარ შეძლებენ. ასევე აღნიშნულის გამო მოსახლეობამ სოფლების საძოვრებიც დაკარგეს.
გორის რაიონში შექმნილ სიტუაციას შინაგან საქმეთა სამინისტოს შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის შალვა ენუქიძის განცხადებით, ადგილზე აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს. “ჯგუფი ადგილზეა გასული, ხდება შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით აზომვითი სამუშაოები, შსს-ს სხვადასხვა უწყებები ჩართულები არიან და ალბათ, დაახლოებით, ერთი-ორი საათის შემდეგ გვქნება ზუსტი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ენუქიძემ.