კულტურის სამინისტრო თირის მამათა მონასტერში მიმდინარე სამუშაოებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ტაძრების მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდეს.

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, XIII საუკუნით დათარიღებულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლზე უკონტროლო სამუშაოები ხორციელდება. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თირის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში, ტაძრის ინტერიერში შეილესა ფრესკები, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება გამოიწვია.

ბოლო პერიოდში გახშირებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (ილორი, ბედია, თირი და სხვა) ე.წ “სარესტავრაციო” უკონტროლო სამუშაოები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მუდმივად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, (იუნესკო, იკრომი და ევროპის საბჭო) რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდეს. მონიტორინგის ფარგლებში უნდა შეფასდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობა და განისაზღვროს მათზე ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე ყოველთვის ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობისა და მათი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვის საკითხს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეორე სამუშაო ჯგუფში. უკონტროლო სამუშაოების გახშირებასთან დაკავშირებით და საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა დაჩქარდეს ერთობლივ მონიტორინგთან დაკავშირებული პროცესები. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას მონიტორინგის შედეგების შესაბამისად განახორციელოს ძეგლთა რეაბილიტაცია, როგორც მეთოდური, ასევე ფინანსური უზრუნველყოფით”, _ ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები