„კაბელების საქმის” განხილვა 3 სექტემბერს გაგრძელდება
დღეს საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ფარგლებში კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა და ე. წ. კაბელების საქმეზე განხილვა 3 სექტემბერს გაგრძელდება.
დღეს პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა და მტკიცებულებების დართვა მოითხოვა. ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, აქამდე ბრალდების ხელთ არსებული მასალები ახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად საკმარისი არ არის და პროკურატურამ ახალი მასალების დართვა მოითხოვა, რათა ექსპერტიზა სრულყოფილად ჩატარდეს.
“ისმის კითხვა, ეს ადამიანები რისთვის იყვნენ დაკავებულები. ბრალდების მხარე აღიარებს, რომ ის ექსპერტიზა, რის საფუძველზეც 5 პირი დააკავეს, არ არის სრულყოფილი. ჩვენ დამატებითი ექსპერტიზა მოვითხოვეთ, რაც საქმეს დაერთო”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
მისივე თქმით, პროკურატურამ შესავალი სიტყვისასა არარეალურ ფაქტებზე ისაუბრა.
პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით კი, პროკურატურის ყველა სიტყვა, რომელიც შესავალ სიტყვაში იყო წარმოდგენილი, გაჯერებულია მტკიცებულებებით.
“ამაში დარწმუნდებით ყველა, როცა დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა. არ მაინტერესებს, რა შთაბეჭდილება ჰქონდა ამას ადვოკატისთვის. ჩვენთვის საინტერესოა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც, ვფიქრობ, სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.