არჩილ თალაკვაძე: შევეცდები, კიკიანს პირადად შევხვდე და გავესაუბრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილე კლუბ „ვიტამინის” მენეჯერთან ლიკა კიკიანთან შეხვედრას და გასაუბრებას გეგმავს. „მიუხედავად იმისა, რომ თავად არ მოვიდა ჩვენთან – აუცილებლად შევეცდები, მას პირადად შევხვდე და გავესაუბრო. პოლიცია მის მიერ გადახდილი გადასახადებითაც ფინანსდება.
ყველა ჩემს მეგობარს კი ვთხოვ, ჩვენ მიერ მოკლე დროში მოპოვებულ ინფორმაციას გაეცნოს და თავად გასცეს პასუხი შეკითხვებს, რომელიც ლიკა კ-ს ვიდეომ წარმოშვა:

• არის თუ არა ლიკა კ. და მამაკაცი, ვინც მას გამოესარჩლა, სინამდვილეში სასტიკად ნაცემი პოლიციელების მხრიდან? • დააკავა თუ არა იგი ოცამდე პოლიციელმა და ძალადობით წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში? • როგორ ექცეოდნენ მას პოლიციის განყოფილებაში? • თუ მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, რატომ ვერ აღმოაჩინეს და დააფიქსირეს ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და რატომ განაცხადა უარი დამატებით შეთავაზებაზე კლინიკაში გამოკვლევების თაობაზე? • რამდენად შეიძლება ვენდოთ მის მონაყოლს, როცა იმ ღამით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და თავად აცხადებს ვიდეოში, რომ გარკვეული მონაკვეთები ნათლად არ ახსოვს? • მის მიერ დასახელებული პირები დეტალურად იხსენებენ მისი დაკავების ფაქტს, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას არავინ ადასტურებს… არც დამლაგებელი და არც კლუბის დირექტორი, არც ხმაურზე „საშველად” მისული მამაკაცი. და მაინც (!) ჩვენ მზად ვართ, საქართველოს პროკურატურას გადავუგზავნოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება”, – წერს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები