პროკურატურა დავით კეზერაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა დავით კეზერაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“კვირა” უწყების მიერ გავრცელებულ განმარტებას უცვლელად გთავაზობთ: “დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილულ იქნა ბრალდებულ დავით კეზერაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გამოძალვისთვის ბრალდებულ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დავით კეზერაშვილს ბრალი ედება მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევაში. კერძოდ, ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესწილების მესაკუთრისთვის გამოძალვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამჟამად ინტერპოლის წითელი ცირკულარით დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა წარმოებს”, – ნათქვამია განცხადებაში.