თინათინ ხიდაშელი: ე.წ. სამხრეთ ოსეთი დიდი რუსული სამხედრო ბაზაა
ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსული ძალები საკმარისად აქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი „როიტერის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს.
სიუჟეტში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნა იგეგმება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი უკვე ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზაა, ვინაიდან რეგიონს უკვე საკმარისად ჰყავს რუსული ძალები.
„რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალები არ სჭირდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, რადგან მათ უკვე საკმარისი რუსული ძალები ჰყავთ. სამხრეთ ოსეთი აღარ არსებობს ისეთი, როგორიც ის ოდესმე ყოფილა. ეს არის ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც ემსახურება ყველა სხვა დანარჩენი, ვინც იქ ცხოვრობს. შესაძლოა ვიღაც კმაყოფილია, რადგან ხელფასი აქვს იმით, რომ რუსულ სამხედრო ბაზას ემსახურება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.