თინათინ ხიდაშელი: გოგი ქავთარაძის აზრი ჩემთვის მიუღებელია
გოგი ქავთარაძის აზრი სამწუხაროა და ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის მიუღებელი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პარლამენტარ გოგი ქავთარაძის განცხადებას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ასეთი აზრების გამო არავის იჭერენ ციხეში.
„ეს გოგი ქავთარაძის სამწუხარო აზრია, მაგრამ მისი აზრია. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ამის გამო აღარავის იჭერენ და ციხეში არ სვამენ, განსხვავებით სამი წლის წინანდელი დროისა. გოგი ქავთარაძის აზრი, ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ მინისტრისთვის და როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მიუღებელია, მაგრამ ეს მისი აზრია“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, დეპუტატებს სრული თავისუფლება აქვთ პარლამენტის ტრიბუნა ნებისმიერი განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენონ, თუმცა, განცხადებების გაკეთებისას, ოპონენტებს, მოუწოდა, “ლოგიკა იპოვონ”.
გოგი ქავთარაძეს აქვს სრული თავისუფლება გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა ნებისმიერი განცხადების გასაკეთებლად, რომელიც მას ექნება, ზუსტად ისევე, როგორც დავით დარჩიაშვილს აქვს ყველანაირი უფლება იყოს უსინდისო და მუდმივად იყოს დაკავებული იმით, რითაც დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაკავდა. ლოგიკა იპოვონ, როდესაც, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი მართავს და ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს. ანუ გამოდის, რომ მე რომ თავდაცვის მინისტრად დავინიშნე, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და ამავდროულად ამბობენ, რომ გოგი ქავთარაძემ განაცხადება რომ წაიკითხა, ისიც ივანიშვილმა დაუწერა. ეს ორი ამბავი ერთად როგორ გამოდის, იქნებ ჩამოყალიბდნენ და მერე ისე ილაპარაკონ”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
დღეს უმრავლესობის წევრმა გოგი ქავთარაძემ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანასაც გააჩნია თავმოყვარეობა და ნატოში შესვლაზე ქვეყნის ხელისუფლება არ უნდა იხვეწებოდეს.