თინა ხიდაშელი: რატომ გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩაქოლვა?!

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და ამასთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, გამოცდაზე მყოფი აბიტურიენტებისა და მათი მშობლების მისამართით, ადამიანების მხრიდან წამოსული დაცინვა, ქილიკი და ჩაქოლვა, არაადამიანური საქციელია. მისივე თქმით, ზოგიერთ აბიტურიენტს ურჩევნია, მშობელი გარეთ ელოდებოდეს, ზოგს კი – არა. მაგალითად, თავად მინისტრს, რომელიც, წლების წინ, გამოცდებზე მარტო წავიდა.
“fb-ზე ჩამოვიქროლე. ძალიან, ძალიან ბევრი დამცინავი პოსტი ვნახე გამოცდებზე, შვილებზე შიგნით და მშობლებზე გარეთ. ეს რა გვჭირს, ვერ ვხვდები, ასე ძალიან რატომ გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩაქოლვა. იქნებ, მივცეთ ერთმანეთს იმის უფლება, ემოცია ისე გამოვხატოთ, დარდი ისე დავძლიოთ, სასიხარულო ისე ვიზეიმოთ, რომ სრულიად ქვეყანამ, ქოქოლა არ მივაყოლოთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, მაშინვე ის გამახსენდა, მე რომ გამოცდას ვაბარებდი. მახსოვს, ავუკრძალე ჩემს მშობლებს იქ მოსვლა, მეგონა, იმის განცდა, რომ ისინი გარეთ იდგებოდნენ, ინერვიულებდნენ და სიცხისა თუ ემოციისაგან გულწასულები დამხვდებოდნენ, მე შიგნით ბოლოს მომიღებდა და მხოლოდ ამაზე ვიფიქრებდი, ამიტომ ვთხოვე, არ მოსულიყვნენ. მაგრამ ბევრი ჩემი მეგობრის დედა იქ, გარეთ იდგა, იმიტომ, რომ მათ ეს ამხნევებდათ და აძლიერებდათ და თუ რამე ისე არ წავიდოდა შიგნით, იცოდნენ, რომ გარეთ გამოსულნი, საკუთარ ემოციას თავშესაფარს უცებ უპოვნიდნენ, დედას ჩაეხუტებოდნენ და დარდს მოერეოდნენ. მგონია, ეს ამბები გვაქცევს ადამიანად. დაცინვა და ქილიკი კი, სრულიად უადგილოა. რა ჩემი საქმეა, მაგრამ თავივერშევიკავესმაილიკი”, – წერს თინათინ ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები