ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისათვის” – მორიგი ჰუმანიტარული აქცია დაიწყო

“საქართველო დევნილთა მხარდაჭერისათვის” – მორიგი ჰუმანიტარული აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს დაიწყო. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დალილა ხორავამ განაცხადა. ხორავას ინფორმაციით, მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა პროფილის ექიმებითაა დაკომპლექტებული, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ორი დღის განმავლობაში სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაატარებს.

“ეს ჩვენი მორიგი ჰუმანიტარული აქციაა. როგორც მოგეხსენებათ, 25 აპრილს ჩხოროწყუში, კერძოდ, სოფელ ლესიჭინეში გაიმართა ანალოგიური აქცია. ჩვენი მედიკოსთა ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან დავაკომპლექტეთ, მათ შორის 9 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. გამოვიკვლევთ ათასამდე ბენეფიციარს, რომელთაგან სამასამდე ბავშვია“, – განაცხადა დალილა ხორავამ და დასძინა, რომ აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები დაურიგდებათ.

ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისათვის“ 2010 წელს დაფუძნდა და ორგანიზაციამ უკვე რამდენიმე ფართომასშტაბიანი სამედიცინო პროექტი განახორციელა, რომლის დროსაც მონაწილე ექიმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სპეციალური სიგელები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები