ზურაბ ხარატიშვილმა ახალი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოაყალიბა

  პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ცესკოს-ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა ჯაბა მაღლაკელიძემ და კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილმა წევრმა ერეკლე მეტონიძემ ახალი პოლიტიკური გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. გაერთიანების სახელწოდება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“იქნება. პოლიტიკური გაერთიანების საინიციატივო ჯგუფმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების მიზეზები და მიზნებია განმარტებული.
,,დღევანდელი ქართული პოლიტიკური ელიტა ვერ უმკლავდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებს. პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარ ინსტრუმენტად ქცეულია დაპირისპირება და სიძულვილის ენა. ამას ზედ ერთვის არაპროფესიონალიზმი და დაბალი ეთიკური სტანდარტები, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ამკვიდრებს ნიჰილიზმს საზოგადოებაში. ქართულ პოლიტიკას სჭირდება ახალი იდეები და ახალი ლიდერები. ნიჭიერ და ენერგიულ ადამიანებს უნდა მიეცეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის საშუალება და პოლიტიკური საქმიანობა საინტერესო და პრესტიჟული უნდა გახდეს. ამ მიზნით, გადავწყვიტეთ ღია ევროპული ტიპის ორგანიზაციის დაფუძნება, რომლის მისია ახალი სახეების წარმოჩენა და სამოქალაქო თავისუფლების პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაა. „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, – ასე ერქმევა ახალ ორგანიზაციას, რომელიც იქმნება ჯანსაღი პოლიტიკური მოტივაციის მქონე ადამიანებისთვის. ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია რეალური შიდაპარტიული დემოკრატიის პირობებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები