პრემიერი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს, ჯოზეფ ლიბას და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მენეჯერს, კატერინა ნიცოვას შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან ერთად შეაფასეს ოლიმპიურ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები. აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, ოლიმპიურ ობიექტებზე სამუშაოები არ შეფერხებულა. ჯოზეფ ლიბას განცხადებით, მათ დაათვალიერეს ოლიმპიური ობიექტები და დარწმუნდნენ, რომ თბილისი მზად არის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.