შსს: სტიქიის შედეგად დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია – დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე და თავად აუზზე.
8 ერთეული სპეცტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, რაც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება სამძებრო სამუშაოები. დღეს დილით აუზის ტერიტორიიდან 3 ავტომანქანა გამოიტანეს. მისივე თქმით, სამუშაოები დილიდან განახლდა ზოოპარკის ტერიტორიაზეც, სადაც ბულდოზერების მეშვეობით ხორციელდება ტერიტორიის შლამისგან გაწმენდა. ჯერჯერობით მიუდგომელი რჩება მტაცებელი ცხოველების რამდენიმე ვოლიერი, რომლებიც შლამითა და წყლით არის დაფარული. დღეს განხორციელდება სამუშაოები დატბორილი ვოლიერების გაწმენდის მიზნით. როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, ბაგებში კოლექტორის თავზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. დილიდან დაიწყო საინჟინრო სამუშაოები. ამ მომენტისთვის მზადდება სპეციალური მოედანი, საიდანაც შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით მოხდება კოლექტორზე ბეტონის დასხმა. ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაშალი მასალის დიდი ნაწილი მოსწორებულია. საფლავები გასუფთავებულია შლამისგან. დილიდან დაიწყო მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები. წყნეთის ქუჩაზე მდინარე ვერეს კალაპოტში მოწყობილ დამბაზე განხორციელდა შესაბამისი სამუშაოების ბეტონის დამცავი კედლის აღმართვის მიზნით. დაწყებულია პროექტის მომზადება. დღეს დაგეგმილია მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება მდ.ვერეს ამ მონაკვეთზე არსებული გვირაბების ჩამონგრეული ნაწილის აღსადგენად. განხორციელდა “მზიურის” ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების დამონტაჟება რამაც, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოების წარმოების საშუალება მოგვცა. ღამის განმავლობაში აღმოჩენილი ძაღლების ლეში ტერიტორიიდან გატანილია სპეციალისტების მიერ. გაწმენდით-სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 477 მეხანძრე-მაშველი, დაცვის პოლიციის 100 თანამშრომელი და შესაბამისი ტექნიკა. სვანიძის ქუჩაზე ღამის 4 საათამდე იმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკამ.