სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში სტიქიის მიერ დაზარალებულ ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„სააგენტო კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის, მერიის შესაბამის სამსახურებთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან, ასევე თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან. სააგენტოს ვეტერინარები ზოოპარკის ტერიტორიასა და მიმდებარე ადგილებზე ვეტერინარულ-სანიტარული წესების შესაბამისად ატარებენ ღონისძიებებს, მათ შორის, დახოცილი ცხოველების დამარხვაზე ზედამხედველობას. მონიტორინგი ტარდება, ასევე, სვანიძის ქუჩაზე მდებარე შპს ხორცპროდუქტების ქარხანა „ვაკეში’, რომელიც სტიქიამ თითქმის გაანადგურა. დაზიანებული ხორცპროდუქტებისა და ნედლეულის ნარჩენები შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო პანიკის თავიდან აცილების მიზნით მოუწოდებს მოსახლეობას, ეპიდემიის საფრთხესთან დაკავშირებით მოერიდოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სპეციალისტები ადგილზე ახორციელებენ ვეტერინარულ ზედამხედველობას, ასევე სურსათისა თუ სასმელი წყლის ხარისხისა და უვნებლობის კონტროლს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები