ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკს“ ტოვებს

ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკს” ტოვებს. როგორც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ „კომერსანტთან” განაცხადა, პოსტიდან რამდენიმე თვეში მას შემდეგ გადადგება რაც გადაბარების პროცესი დასრულდება.

მისივე ცნობით, შეიძლება სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დატოვოს. თუმცა, ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს 2015 წელს მოხდება.

რაც შეეხება მის წილს „ლიბერთი ბანკში”, ლადო გურგენიძის თქმით, წილობრივ მონაცემებში ამწუთას არაფერი არ იცვლება. ბანკის აქციონერთა საერთო კრება 19 ივნისს არის ჩანიშნული. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში 19 ივნისამდე რჩებიან ლადო გურგენიძე, რომელიც ბანკის აქციათა 7,33%-ის მესაკუთრეა. აქციათა 25,7%-ს ფლობს მალიკ იშმურატოვი, 9,31%-ს ალექსეი იუსფინი და ასევე მეოთხე წევრი, მარტინ პოლ გრემი.

ლადო გურგენიძე, ლიბერთი ბანკში 2009 წლის სექტემბრიდანაა. მან, რუმინელ მილიარდერ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია ,,Liberty Investments”-ი, რომლის ძირითადი მიზანია ინვესტიციების განხორციელება ფინანსური მომსახურების კომპანიებში ისეთ ქვეყნებში, სადაც არის კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, დაბალი გადასახადები და თავისუფალი ეკონომიკა. 2009 წლის სექტემბერშივე ,,Liberty Investments”-მა შეიძინა ,,ლიბერთი ბანკის” (ყოფილი,,სახალხო ბანკი”) აქციების 91.2%. ,,ლიბერთი ბანკს” აქვს ფილიალების ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში და ემსახურება მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ლადო გურგენიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

წყარო: “კომერსანტი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები