პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები დაამტკიცა

    პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 80 დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობის გარდა, “მაუწყებლობის შესახებ” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონებში განხორციელდა. დამტკიცებულ პროექტში აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირების, თვითმმართველ თემში – გამგებლის, ხოლო თვითმმართველ ქალაქში – მერის პირდაპირი არჩევის წესი განისაზღვრა. თვითმართველობას ოთხი წლის ვადით და 50%-იანი საარჩევნო ბარიერით აირჩევენ. ამავე პროექტის თანახმად, თვითმმართველი თემის საკრებულოს პროპორციული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობა 5-ით იზრდება. შესაბამისად, საკრებულოში პროპორციული წესით 10 წევრის ნაცვლად, ასარჩევი იქნება 15 წევრი. მუნიციპალტეტების საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 4%-მდე მცირდება და თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნებისთვის დადგენილ საარჩევნო ბარიერს უთანაბრდება.
საარჩევნო სიები დაზუსტდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ პირთა ფოტოსურათების ციფრულ ფორმატში გადაყვანით და ფოტოსურათების ურთიერთშედარებით, ამომრჩეველთა გაორების გამოსარიცხად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირებისთვის და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მოხდება საარჩევნო უბნების ადაპტირება. წინასაარჩევნო რეკლამა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო დებატები უზრუნველყოფილი იქნება სურდო-თარგმანით. უახლოეს დღეებში პარლამენტს სარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი კიდევ ერთი ცვლილებების პროექტი წარედგინება. ახალი ცვლილებები საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ვერსიფიკაციასთან და წინაასარჩევნო პერიოდში საბიუჯეტო სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები