ირაკლი ღარიბაშვილი: მერაბიშვილის აგარაკის გამო კომპანიას თანხას ჩვენ უკან ვუბრუნებთ

ქ-ნო მანანა, არათუ სარგებლობდნენ ,არამედ ახალ სახლებს აშენებინებდნენ და ამით სარგებლობდნენ დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და სხვები – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრის, მანანა კობახიძის კითხვას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პრემიერს წინა ხელისუფლების იმ კონკრეტული თანამდებობის პირების დასახელება სთხოვა, რომლებიც სამთავრობო აგარაკებით – მათ შორის წყნეთის სამთავრობო აგარაკით სარგებლობდნენ.
„არის ერთი კომპანია „დაგი“, რომელსაც აიძულეს და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის სახლის მშენებლობა დაავალდებულეს. ამ კომპანიამ მილიონ ორასი ათასი ლარი უკვე გადაიხადა უკვე. ჩვენ ახლა ამ კომპანიას ამ თანხას უკან ვუბრუნებთ. მერაბიშვილის ახირების გამო სახელმწიფო ზარალდება. ვფიქრობ, რომ ეს არის გამოძიების საგანი და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერსდნენ. ასე რომ, ქ-ნო მანანა, არათუ სარგებლობდნენ, არამედ ახალ სახლებს აშენებინებდნენ და ამით სარგებლობდნენ დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და სხვები. აღარ ჩამოვთვლი. ამაზე ინფორმაცია არსებობს და შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ გადავწყვიტეთ გავასხვისოთ წყნეთის აგარაკები, ჩვენი ხელისუფლების არც ერთ წევრს არ უსარგებლია ამ აგარაკებით. მხოლოდ ერთი აგარაკი საკუთრებაში დავუკანონეთ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, რომელიც წლების განმავლობაში არ გადეცა მას ეს აგარაკი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები