პრემიერი: არიან თუ არა ახალაია, მერაბიშვილი და სხვები პოლიტპატიმრები, პასუხი ხალხმა გაგცათ

არიან თუ არა ახალაია, მერაბიშვილი და სხვები პოლიტპატიმრები, პასუხი ხალხმა გაგცათ 2012 წლის პირველ ოქტომბერს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის“ ეკა ხერხეულიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ხერხეულიძემ განაცხადა, ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკური მოტივით იდევნებიან.
“თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ საქართველოს მოსახლეობას, არიან თუ არა ახალაია, მერაბიშვილი და სხვები პოლიტპატიმრები, პასუხი ხალხმა გაგცათ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ის მძიმე დანაშაულები, რომელიც ჩადენილი იქნა ახალაიას, მერაბიშვილის, უგულავას დროს.. უგულავა, რომელმაც თბილისის მერიის 60 მილიონი გაფლანგა… რომელ ქვეყანაში არ გამოიძიებდნენ ისეთ მძიმე დანაშაულებს, მაგალითად – გირგვლიანის, რობაქიძის, მკვლელობები 60 მილიონის გაფლანგვა და ასე შემდეგ, ჩვენ – ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით და მოსახლეობამ იცის, რაც მთავარია. ჩვენ დეპოლიტიზაციის პროცესს აქტიურად მივყვებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დევნაზე მათი მხრიდან გაკეთებული უარგუმენტო განცხადებები სპეკულაციაა და მეტი არაფერი. “ოპონენტების დევნაზე თქვენ შეგიძლიათ ბევრი ისაუბროთ, მაგრამ პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა, ყველამ კარგად ვიცით, რომ თქვენ მუშაობთ ბევრს, რათა ქვეყნის, ხელისუფლების იმიჯი დააზიანოთ, თქვენ ქმნით არასტაბილურობის განცდას, და აპოკალიპტური სურათის შექმნა სწორედ თქვენი დამსახურებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროებითია, თქვენს დემაგოგიას ხალხი არ უსმენს და არავის არ სჯერა ამ დემაგოგიის, ყველამ კარგად იცის, ვინ არის პოლიტიკურად დევნილი, ვინ მოხვდა სამართლიანობის აღდგენის პროცესში და რომელი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპის მიხედვით. რაც შეეხება ბიუროკრატიასა და წნეხზე საუბარს, ყოველგვარი წნეხი მოქალაქეებზე, ბიზნესზე, მედიაზე, სასამართლოზე – დასრულდა პირველ ოქტომბერს, თუ რაიმე კონკრეტული შეკითხვა და ფაქტი გაქვთ, მე გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ,ზოგადი საუბარი არის დემაგოგია და სპეკულაციები“, -აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები