ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ვიზა- ლიბერალიზაციის შეფასების ანგარიში უაღრესად პოზიტიურია
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ვიზა -ლიბერალიზაციის შეფასების ანგარიში უაღრესად პოზიტიურია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.
“მინდა ყველას მოგილოცოთ ის წარმატება, რისი მოწმეც დღეს დილით გახდა საქართველო. გამოქვეყნდა ვიზა- ლიბერალიზაციის შეფასების ანგარიში, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური და მე გილოცავთ ყველას. ამ ანგარიშში არის რეალურად აღიარებული ის, რასაც ჩვენ მოველოდით. მასშტაბური რეფორმები, ეს არის პროგრესი, რისთვისაც ჩვენ ბოლო 6 თვე რეკორდულად მოკლე დროში ვიმუშავეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დეპუტატებს მოუწოდა, გაეცნონ ამ ანგარიშს. ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე პროგრესული ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ 2014 წლის ოქტომბერში გახსნილი ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა 15 ძირითად მოთხოვნას გულისხმობდა. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ამ 15 მოთხოვნას შორის „შესრულებულად“ ჩაითვალა 7 მოთხოვნა; 4 მოთხოვნა ჩაითვალა „თითქმის შესრულებულად“, ხოლო კიდევ 4 ჩაითვალა „ნაწილობრივ შესრულებულად“, ოღონდ − „შემდგომი პროგრესის კარგი პერსპექტივით“.