პრემიერი “ნაციონალებს”: არ ვიცი უგულავას იდეა რა იყო და რა არ იყო, ყველაფერს თქვენ იბრალებთ…
თბილისის მერიამ ერთი წლის წინ ყველა პროექტი, ძირითადად, ერთ პირთან მოლაპარაკებით განახორციელა, ჩვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი კანონის შესაბამისად კეთდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი მელაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“რაც შეეხება მელაძის კითხვას, ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით – “ეს ხომ უგულავას იდეა იყო“… მე არ ვიცი, გიგი უგულავას იდეა რა იყო და რა არ იყო, ყველაფერს თქვენ იბრალებთ. სხვათა შორის, ყველა ის წარმატება, რაზეც დღეს ვისაუბრე, თქვენი “დამსახურებაა“, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ… გეტყვით, რომ მზადება მიმდინარეობს, მეც აქტიურად ვარ ჩართული, ასევე პარლამენტის წარმომადგენლები, სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, რომელიც მასპინძელია, შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია ამ სამუშაოებზე, თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული მაგალითი, არ ვიცი… თქვენ ახსენეთ ერთ პირთან მოლაპარაკება – მე შეგახსენებთ, რომ იგივე თბილისის მერიას ერთი წლის წინ ყველა პროექტი, ძირითადად, ერთ პირთან მოლაპარაკებით ჰქონდა განხორციელებული, ჩვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი კანონის შესაბამისად კეთდება, ტარდება ტენდერები, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ გაქვთ რაიმე მონაცემები, მე გირჩევთ, რომ დაასახელოთ კონკრეტული ფაქტები, დანარჩენი ჩაითვლება, როგორც ჩვეული დემაგოგია და ტყუილი სპეკულაციები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.