პრემიერი „თავისუფალ დემოკრატებს“ ხვდება – „მოგესალმებით ძვირფასო თანამებრძოლებო“

პრემიერ-მინისტრი ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და “მეგობრებად” და “თანამებრძოლებად” მოიხსენია.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამწუხაროა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” კოალიციიდან გავიდნენ, თუმცა მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით აღნიშნულ ძალასთან მმართველ გუნდს ფუნდამენტური ღირებულებითი შეუთავსებლობა არ გააჩნია.
“მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო თანამებრძოლებო – მე მინდა ასე მოგმართოთ: ჩემთვის მართლაც ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს თქვენ ოპოზიციას წარმოადგენთ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ეს იყო თქვენი არჩევანი, თქვენი გადაწყვეტილება. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა თქვენი ფრაქციის თითოეული წევრისადმი.
მიმაჩნია, რომ პრინციპულად დიდი სხვაობაა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გავაცანი მთავრობის სამოქმედო გეგმა და თქვენს შორის. ვთვლი, რომ არ გაგვაჩნია ფუნდამენტური ღირებულებითი შეუთავსებლობა. მე ვგულისხმობ იმ ღირებულებებს, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თავისუფალ სასამართლოს და ა.შ. ეს ქვეყნის დემოკრატიულობის მთავარი კრიტერიუმებია. ჩვენ ერთად ვიბრძოდით სწორედ ასეთი სახელმწიფოს შექმნისთვის”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები