დავით ნარმანია შვედეთის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) წარმომადგენლებს შეხვდა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლოდ თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი, გაეცნონ სამინისტროსთვის პირველხარისხოვან, პრიორიტეტულ საკითხებს, რათა მათ მოგვარებასა და გადაჭრაში ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღმოუჩინონ. როგოც SIDA-ს აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა მირჟა პეტერსონმა აღნიშნა, ორგანიზაციის მიზანია, ითანამშრომლოს საქართველოსთან ისეთ საკითხებში, რომლებიც ქვეყნის რეგიონულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემებისა და მყარი ნარჩენების მართვის მოწესრიგების საკითხებზე. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე პრიორიტეტული გახლავთ რეგიონული ნაგავსაყრელების მოწესრიგება. რამდენიმე მათგანი (თელავსა და ახალციხეში) უკვე გაიხსნა და უახლოეს მომავალში სხვა რეგიონების ნაგავსაყრელებიც მოწესრიგდება. ამის შემდეგ სამინისტრო უკვე სხვა ქალაქების ნაგავსაყრელების რეაბილიტაციაზე, ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობასა და ძველი, მწყობრიდან გამოსული პოლიგონების დახურვაზე იზრუნებს.
ამავდროულად მიმდინარეობს მუშაობა მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. რაც შეეხება წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების საკითხს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ კუთხით მუშაობას განაგრძობენ. გრძელდება გამრიცხველიანების პროცესიც. დავით ნარმანიას თქმით, კომპანიის მიზანია, არა მხოლოდ უზრუნველყოს რეგიონების უწყვეტი წყალმომარაგება, არამედ გაწეული ხარჯების დაფარვასა და მოგებაზე გასვლაზეც იზრუნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები