დავით უსუფაშვილი: ვაკანტური თანამდებობის შესავსებად პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა აქვს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავრობის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ სპეკულაციებს უწოდებს, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, მოქმედი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ამ წუთის მდგომარეობით, საქართველოს ისეთივე ლეგიტიმური, ისეთივე უფლებამოსილი, ისეთივე ნდობით აღჭურვილი მთავრობა ჰყავს, როგორიც ჰყავდა ორი დღის წინ, ორი თვის წინ, ერთი წლის წინ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირი ნაკლული, ნახევრად უფლებამოსილი, უუფლებო მთავრობის არსებობას.
„ჩვენი კონსტიტუციური მოდელით ეს გამორიცხულია, ისევე როგორც სხვა ქვეყანაში. მოქმედი მთავრობა აღარ არის უფლებამოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია ახალი მთავრობა. ყველა სხვა შემთხვევაში, მოქმედი მთავრობა აგრძელებს თავის ფუნქციონირებას სრულფასოვნად, სრული უფლებამოსილებით, სრული ნდობით და ა.შ.
რაც შეეხება იმას, რომ მთავრობის წევრთა 1/3-ით განახლების შემდეგ, მთავრობას სჭირდება ხელახლა ნდობის დადასტურება პარლამენტში, ეს ნიშნავს არა იმას, რომ მთავრობაში 1/3 თუ შეიცვალა, მას ნდობა აღარ აქვს, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მომენტიდან ძალიან მკაფიოდ განსაზღვრულ ვადებში უნდა მოხდეს მთავრობის მობრძანება პარლამენტში, მისი პროგრამის მოსმენა იმ სიახლეების მოსმენა, რაც შესაძლებელია გამოიწვია ამ ცვლილებებმა, ან შესაძლოა არ გამოუწვევია და კენჭისყრა ჩატარდება. ასე რომ, ჩვენ არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ პოლიტიკურადაც მთავრობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე რაიმე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, თუკი მთავრობა მოვიდა და პარლამენტმა მას ნდობა არ გამოუცხადა.
ამის შემდეგაც, მთავრობა იურიდიულად სრულიად უფლებამოსილი რჩება, მაგრამ ბუნებრივია, რჩება პოლიტიკური ლეგიტიმაციის სიმცირე და ასეთ შემთხვევაში, უკვე იმავე მთავრობის ხელახლა დამტკიცების ან ახალი მთავრობის პროცედურები იწყება. მანამდე, მთავრობასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება სამართლებრივ თუ პოლიტიკურ მდგომარეობაში არ არსებობს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
სპიკერის განცხადებით, პარლამენტი მზად იქნება, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ამ თემებზე გადაწყვეტილებები მიიღოს.
„რაც შეეხება კონკრეტულად ვადებს, პროგრამის წარმოდგენას და ა.შ. ეს ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი კონსტიტუციაში და კანონებში. ვაკანტური თანამდებობის შესავსებად პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა აქვს, მას შეუძლია სრულად გამოიყენოს ეს ვადა, ან უფრო მალე მიიღოს გადაწყვეტილება. როდესაც ვაკანტური თანამდებობები შეივსება, ამის შემდეგ პრეზიდენტი აგზავნის მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში და პარლამენტმა შვიდი დღის ვადაში, უნდა განიხილოს მთავრობის შემადგენლობა, მისი პროგრამა და პლენარულ სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შაბათ-კვირას მომხდარა. ასე, რომ პროცესი გახსნილია. პარლამენტი მზად იქნება, რომ ამ თემებზე გადაწყვეტილებები რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში მიიღოს. მათ შორის, ოპოზიციას აქვს უფლება, მოუსმინოს მთავრობას და მოისმინოს მისი პროგრამა. ეს ყველაფერი ჩატარდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის. შარშან ზაფხულში, ზუსტად ასეთი პროცესი გავიარეთ, ამიტომ სამართლებრივი თუ პოლიტიკური სპეკულაციები ეს არის სრულიად უსაგნო. ეს არის ჩველებრივი, ევროპული პრაქტიკა, როდესაც მთავრობა ხელახალი ნდობის მისაღებად მიდის პარლამენტში არა იმიტომ, რომ მან ნდობა დაკარგა, არამედ იმიტომ, რომ გადამოწმდეს იმ ცვლილებების შემდეგ პარლამენტს ხომ არ გაუჩნდა სხვა აზრი, თორემ მთავრობა აგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას“, – დასძინა უსუფაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარუდგენს, რომელსაც პარლამენტმა ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები