დავით ბაქრაძე ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს სარა სვინფორდს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისთვის მზადების პროცესი და მოლოდინები განიხილეს. რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებისა და არსებული საგარეო გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა რიგის სამიტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მონაწილე ქვეყნებისთვის. ბრიტანულმა მხარემ ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს მიერ შემუშავებული კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის განხორციელება დადებითად შეაფასა და აღნიშნა მისი მნიშვნელობა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების პროცესში. აქვე, ბრიტანულმა მხარის მიერ გამოითქვა მზაობა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დახმარების თაობაზე.
“გვქონდა საუბარი იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც ვდგავართ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, რუსეთის ანექსიური პოლიტიკის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, შევეხეთ რიგის სამიტს და იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და რასთან დაკავშირებითაც გვაქვს ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრაზე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს შორის ორმხრივ ურთიერთობაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს და თანამშრომლობის შესახებ დიალოგის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები