პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება – ვინ დარჩება მთავრობის ახალ შემადგენლობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს აბსოლუტურად ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად აფასებს. ამის შესახებ პრემიერმა ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარუდგენს. პრემიერი აცხადებს, რომ მხოლოდ იმ უწყებებს ეყოლებათ მინისტრობის ახალი კანდიდატები, რომელთა ხელმძღვანელებმაც თანამდებობები დატოვეს. ესენი იქნებიან სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრები.
„მთავრობაში შეიცვალა მეშვიდე მინისტრი, ანუ შეიცვალა მთავრობის ერთი მესამედი. ამის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციით მთავრობას საკანონმდებლო ორგანომ ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს. მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ყველას, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. მთავრობაში ცვლილებები არის ბუნებრივი, რადგან ასეთ დინამიკურ პროცესში განვითარების ადეკვატური უნდა იყოს. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს საერთო პოლიტიკური მიზნები და სწორედ ეს იდეა გვაერთიანებს ყველას ერთად.
პარლამენტს წარვუდგენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელებმაც დატოვეს თანამდებობები. ეს არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალინ გულდასაწყვეტი იყო ბატონი ლევან ყიფიანის წასვლა. მე მასთან მქონდა საუბარი. ასევე, მქონდა საუბარი ჩვენს თანაგუნდელებთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ჩვენ პრაქტიკულად ყველა რესურსი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ მომხდარიყო მათი პოზიციების შეჯერება, თუმცა, სამწუხაროდ, ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. ბატონმა ლევან ყიფიანმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მომმართა გადადგომის თხოვნით, თუმცა მაშინ მე მისი თხოვნა არ დავაკმაყოფილე და ეს საჯარო არ გამხდარა, მაგრამ დღეს მან გადაწყვიტა, რომ საჭიროა ამ გადაწყვეტილების მიღება. ასე, რომ მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვებ წარმატებებს. მიმაჩნია, რომ მის მიერ დაგროვილი გამოცდილება არის გამოსაყენებელი სპორტის განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. გუშინ თანამდებობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დაყენების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (76 დეპუტატის ხმა).
პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ ახალი მთავრობის საბოლოო ჯამში არდამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები