ელისო ჩაფიძე ტყიბულელი მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევას ითხოვს

ელისო ჩაფიძე ტყიბულელი მეშახტეებისთვის საპენსიო შეღავათების დაწესებას ითხოვს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ტყიბულის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მათთვის, ვინც საკუთარი საქმიანობით ყოველდღიურ რეჟიმში სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს და მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, საპენსიო ასაკმა 5 წლით უნდა დაიწიოს და პენსია მამაკაცებს 65-ის ნაცვლად 60 წლიდან უნდა დაენიშნოთ. ჩაფიძის თქმით, შეღავათი უნდა გავრცელეს იმ ადამიანებზე, რომლებიც შახტაში ჯამში 20-25 წლამდე მუშაობენ.
„ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას ინიციატივით, რომ მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკი შემცირდეს. ეს ტყიბულის რაიონისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ასეთ მძიმე პროფესიაში დასაქმებული ადამიანები, რომელთაც სიცოცხლისთვის მავნე პირობებში უხდებათ საქმიანობა, გადიან პენსიაზე იმავე ასაკში, რა ასაკშიც გადის ექიმი, პედაგოგი ან სულაც ადამიანი, ვისაც არასდროს უმუშავია. უნგრეთში სიცოცხლისთვის მავნე პირობებში მომუშავე ასაკის მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკად განსაზღვრულია 55 წელი, ასევეა საფრანგეთში, ბელგიაში, პოლონეთში. პორტუგალიასა და ესპანეთში კი 50 წელს შეადგენს. ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე საპენსიო დანამატს, ჩვენ ვითხოვთ, რომ რამდენიმე წლით შეუმცირდეთ მათ საპენსიო ასაკი“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ. ელისო ჩაფიძე ტყიბულის რაიონისთვის კიდევ ერთ შეღავათს ითხოვს. დეპუტატს გამართლებულად არ მიაჩნია, რომ რეგიონებსა და თბილისში წყალზე განსხვავებული ტარიფია. „ 2012 წელს „ნაციონალებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანამხმადაც რეგიონებში მოსახლეობა წყალში ბევრად მეტ თანხას იხდის, ვიდრე თბილისში. დღეისათვის რეგიონებში გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს და აღმოჩნდა, რომ ტყიბულის რაიონში თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც მრიცხველი გააჩნია, ერთ კუბამეტრზე 50 თეთრი უნდა გადაიხადოს, მაშინ, როდესაც თბილისში იმავე რაოდენობაში მოსახლეობა 26,5 თეთრს იხდის. ეს იმ პირობებში, როდესაც 5007 აბონენტიდან გამრიცხველიანებულია მხოლოდ 1700. ეს ერთსა და იგივე ქვეყანაში და ერთსა და იგივე ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანებს განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს. ჩემი მოთხოვნა და წინადადებაა, რომ მანამ მაინც, სანამ ქალაქი სრულად არ გამრიცხველიანდება იმისთვის, რომ მოქალაქეების დისკრიმინაცია არ მოხდეს, საჭიროა შეჩერდეს დახარჯული წყლის მიხედვით გადასახადის ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ სარჩელს პირადად მოვამზადებ კომპანიის მიმართ და მას, მგონია, რომ სასამართლო პერსპექტივა ნამდვილად ექნება“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები