ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის კრიტერიუმებს განმარტავს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის კრიტერიუმებს განმარტავს.
როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობასა და კომპანია “გილეადს” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს 21 აპრილს მოეწერება ხელი. პროგრამაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრები და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, უწყების განმარტებით, პროგრამის მიზანია “C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში” და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით (სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით) და მიღებული აქვს დადებითი პასუხი, შეუძლია პროგრამის ფარგლებში ჩაიტაროს მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი სხვა კვლევები. პირველ ეტაპზე, ანტივირუსული მკურნალობის დაწყებისა და პაციენტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგ ჯგუფებს: პაციენტებს ღვიძლის კომპენსირებული ციროზით (F4); პაციენტებს ღვიძლის შორსწასული ფიბროზით (F3); პაციენტებს ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით (ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები); პაციენტებს ღვიძლის ტრანსპლანტაციით და HCV რეინფექციით; პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით. მაგ, მე-2 და მე-3 ტიპის შერეული კრიოგლობულინემია (მაგ. ვასკულიტი), პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი ან მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, დამაუძლურებელი სისუსტე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კანის გვიანი პორფირია, და სხვ.; პაციენტებს აივ და/ან HBV კოინფექციით. პაციენტი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში (ან მის ფილიალებში ქვეყნის მასშტაბით), სადაც პაციენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა NIV-100/ა (დედანი), მკურნალობაში ჩართვის წინ ჩატარებული კვლევების დოკუმენტები (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე დაწესებულებებში ჩატარებული კვლევების წარმოდგენა), პირადობის მოწმობის ასლი და შეავსოს შესაბამისი ფორმის განაცხადი. ამასთან, პაციენტი ირჩევს სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას, სადაც სურს მომსახურების მიღება. ბ) დარეგისტრირებული პაციენტის დოკუმენტაცია განიხილება კომისიურად და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გაიცემა თანხმობის წერილი; გ) პაციენტმა თანხმობის წერილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას მკურნალობის დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხმობის წერილი ჩაითვლება გაუქმებულად.
რეგისტრაციისათვის აუცილებელია პაციენტის პირადობის მოწმობის ასლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა NIV-100/ა) წარდგენა.
C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს პროგრამის ფარგლებში უტარდებათ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი სხვა კვლევები შემდეგი პრინციპით: ა)ექიმთან ვიზიტი; ბ) სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა PCR მეთოდით; პაციენტები, რომელთაც HCV რნმ აღმოაჩნდებათ (-) უარყოფითი, აღარ განიხილებიან მკურნალობის კანდიდატებად (ბენეფიციარებად) და მათ ღვიძლის ფიბროზის შესაფასებელი გამოკვლევები აღარ ჩაუტარდებათ. გ) HCV რნმ დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით; დ) იმ შემთხვევაში, თუ FIB-4 ქულა არის 1.45 – 3.25 მაჩვენებლებს შორის, პაციენტებს დამატებით უტარდებათ ღვიძლის ელასტოგრაფია; ე) FIB-4 ტესტისა და ღვიძლის ელასტოგრაფიით გამოვლენილ ღვიძლის ფიბროზის F3, F3- F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები: ვ) HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა PCR მეთოდით; ზ) HBსAგ, Anti-HBს, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა; თ) პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით (მე-2 და მე-3 ტიპის შერეული კრიოგლობულინემია (მაგ. ვასკულიტი), პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი ან მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, დამაუძლურებელი სისუსტე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კანის გვიანი პორფირია, და სხვ.), ასევე, პაციენტებს აივ და/ან HBV კოინფექციით, უტარდებათ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული ყველა კვლევა. ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, რეგისტრაციის თარიღი 22 აპრილს გამოცხადდება. მისივე თქმით, C ჰეპატიტით ინფიცირებული ყველა მოქალაქე პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება.