დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის საგანგებოდ შემუშავებული სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის საგანგებოდ შემუშავებული სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი სტეფენ ჰაიკინი დაესწრნენ.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე სასწავლო რესურსები საქართველოს 122 საპილოტე ქართული და ეთნიკური უმცირესობების საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვას ემსახურება.
პილოტირება ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd)“ ფარგლებში ხორციელდება.
ინოვაციური მიდგომები, სასწავლო პროცესებში მონაწილეობა და დამატებითი რესურსები ხელს უწყობს ეფექტურ სწავლებას და მაქსიმალურად ზრდის სწავლაში მოსწავლეთა პრაქტიკულ გამოცდილებას.
მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა დაწყებით საფეხურზე დონეების მიხედვით კლასიფიცირებული დამატებითი საკითხავი მასალა, დიდი ზომის წიგნები პატარა მკითხველებისთვის; პლაკატები, აქტივობის ბარათები და მანიპულატივები მათემატიკისა და კითხვის მიმართულებით; დასურათებული ბარათები ტექსტებით, საბავშვო გაზეთები მოსწავლეებისათვის და აქტივობის ბარათები მშობლებისათვის, რომლებიც შეიქმნა საკლასო გაკვეთილების გამდიდრების მიზნით ქართველი სპეციალისტების მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები